ჩემო ძვირფასო, ძვირფასო ადამიანო გწერ წერილს. თან ვიცი ძალიან ზუსტი ფაქტი, ვერასდროს წაიკითხავ. განა იმიტომ, რომ გამოგზავნას ვერ გავბედავ, ან შენ არ იქნები დაინტერესებული, უბრალოდ მისამართი არ ვიცი. ერთადერთი შემიძლია ბევრჯერ წაგიკითხო, გულშიც, ხმამაღლაც და იმედი მქონდეს რომ გაიგებ, ასე მოვა შენამდე.
წეღან ტექსტს ვწერდი და უფრო სხვისთვის წასაკითხი გამოვიდა ვიდრე შენთვის, დღეს ყუთი გადმოვალაგე მოგონებების და ჩვენი ტექსტი ვნახე აი ის ინტერვიუ ბატონ ჯანსუღთან , პასუხებს შორის ძალიან ბევრი ფრჩხილებში ჩასმული ახველებს , რომ გვეწერა და ინტერვიუს ბოლოს , რომ დაიხრჩო :)) მახსოვს ამაზე წერისას იმდენი ვიხარხარეთ მარგომ კლასიდან გაგვიშვა. ან სავარაუდოდ შენ გაგიშვა მარტო, როგორც ყოველთვის, მაგაზეც მომხვდებოდა მერე :)) მეორე ფურცელი ჩემი ტექსტია, ჩემივე პირადი ანბანით დაწერილი, ძალიან ნოსტალგიური ამბავია, ვწერ როგორ მენატრები, მაკლიხარ, ალბათ მერვე კლასია, ან მეცხრე, შენ უკვე სხვა სკოლაში ხარ და ამ ამბავს რთულად ვუმკლავდებოდი. შენი კალიგრაფია რომ დავინახე მაშინვე ყველაფერი ამოტივტივდა, სიცილები, ხმა, სითბო, თითქოს აქ ხარ და უცებ ისიც ვიფიქრე მომეწერა  ნახე რა ვიპოვნემეთქი, გამომგეგზავნა ფოტო. ხოდა აქ გწერ. ვიცი იდიოტი ვჩანვარ მაგრამ აი დარდი, მიყვარხარ, მომენატრე და გწერ.
გამახსენდა ზაფხულობით როცა მობილურზე დაგირეკავდი და ხმას გავიგებდი როგორ ვფრთიანდებოდი და მერე კიდევ შემდეგ დარეკვამდე (რაც რატომღაც ძალიან დიდ ფუფუნებად ითვლებოდა) ამ დიალოგზე ვფიქრობდი. როგორ მიხაროდა ყოველთვის შენი ხმა და რა მაგარი ენერგია იყავი ჩემთვის სულ. ჩვენი ბენდი გამახსენდა “ეკლიანი ვარდები”, ძველ ფილიფსში რომ გვქონდა ჩაწერილი სიმღერები, ერთ-ერთის ჩაწერა სახლის ტელეფონით  ლაპარაკისას რომ განვახორციელეთ , შენი ხმა კარგად ისმოდა და ჩემი მიკნავლებულად ყურმილს იქედან :)) მერე რამდენს ვხარხარებდით ჩვენივე ტექსტებზე, ახალი სონი-ერიქსონი რომ მერხიდან შემთხვევით ჩამოგიგდე და ორი დღე ხმას არ მცემდი, მერე სადღაც დაგრჩა და დაკარგე :)) სკოლის მასწავლებელთან რომ დავიწყეთ მომზადება მათემატიკაში და უცებ ორივე ათოსნები გავხდით :)))
მერე ურთიერთობა რომ აგვერია, ხო, სასაცილოა ამ გადმოსახედიდან მეშვიდე კლასელ მეგობრებს რომ “ურთიერთობა ერევათ”,მაგრამ ახლაც კი, ათი წლის მერე , ვთვლი რომ ძალიან გააზრებული, ზრდასრული და ნამდვილი ურთიერთობა გვქონდა. ადამიანები ცხოვრების მანძლზე , რომ ვერ ნახულობენ ისეთი მეგობრები ვიყავით. და რა მნიშნველობა აქვს ამ ასაკს, ისე გვტკიოდა და გვიხაროდა ერთმანეთი .  ხოდა როცა ავირიეთ მახსოვს როგორ განვიცდიდით ორივე და მერე დალაგებულ პერიოდებში ვუზიარებდით ამ განცდებს.  წლები , რომ გავიდა და სადმე შემთხვევით ვხვდებოდით, შორიდან უკვე ვეღრიჭებოდით ერთმანეთს და რამდენიმე წუთის მანძილზე ვხარხარებდით, ისევ.
ხოდა, მომენატრე, მენატრები და მიყვარხარ. უცნაური გოგო ხარ, როგორ მესიზმრე. მართლა როგორი ძლიერი კავშირი გვქონია, ესეიგი არასოდეს გვეშლებოდა. ჩვენ წლებმა საერთოდ ვერაფერი მოგვაკლო. იცი, არ ვნანობ იმ პერიოდებს როცა დავიშალეთ და ჩვენი გზები ვნახეთ, არ ვთვლი , რომ დაკარგული წლებია. შენ მე იმდენი პოზიტივი და სიყვარული მომეცი, დღემდე მყოფნის და მეყოფა მანამ სანამ მემახსოვრება, მე კიდევ დამიჯერე არასდროს, არც ერთ დეტალს არ დავივიწყებ.
აბა ჩვენ ვიცით, მე იმედით ვარ, რომ შენ კარგად ხარ. არც შენ იდარდო ჩემზე. მერე ისევ შევხვდებით და  რეალურად არც არასდროს დავკარგულვართ. როცა გულში ხარ, როცა ტვინში ხარ და ასეთი პოზიტივის მიზეზი ხარ მიუხედავად ყველაფრისა ერთად ვყოფილვართ. ხოდა ჩემი უძვირფასესი მეგობარი ხარ და ამ ამბავს არ შეცვლის არაფერი. მიყვარხარ.

Advertisements

მოკლედ. ღამის თერთმეტი საათა და ყველაფერი რიგზეა. დღე იყო ისეთი უკეთესს რომ ვერ ინატრებ, გინდათ ცინიკურად გაიგეთ გინდათ არა. დავიწყოთ იმით, რომ კბილი ისევ საშინლად მტკივა, აქამდე არც მიხსენებია და ხო მეოთხე დღეა მტკივა. გეგონება პატარა წურბელა ზის და გამწარებული მწოვს სისხლს.
უკვე მეოთხე დღეა რაც მე და გეგა კუსტბაზე ავდივართ. ყოველ დილას დავადებთ თავს, ვაკისპარკთან ერთმანეთს ვხვდებით და მერე ფეხით, დიახ ბატონო, ვაგრძელებთ გზას კუს ტბისკენ და უკან. თავიდან სულს ვღაფავდი, ახლა უკვე შეიძლება ითქვას ბევრად მაგარი შედეგი მაქვს, მაგრამ ვაკის პარკის ქალის კიბეებზე ასვლა მაინც საშინლად მანგრევს. დღეს      მთელი გზის მანძლზე უკან კოჭლი ძაღლი მოგვსდევდა, შადრევანთან სხვა ძაღლებთან თამაშობდა ,გემრიელად მივესალმე და წამომყვა, ვიფიქრე ახლა წავა ან ახლა და არა, იარა სამი ფეხით და ბოლომდე ამოგვყვა. მთელი გზა ვქსუტუნებდი, როგორც კი ვეღარ დავინახავდი გულზე მეშვებოდა და ცოტა ხანში გაბუძგული , ენაგადმოგდებული მობუძნულებდა ისევ, ლობიანები გვქონდა და დავუყარეთ , პირი  არ დააკარა, ზუსტად ეგ იყო ყველაზე სევდიანი ამბავი, საჭმელი სულ არ უნდოდა ერთ თბილი შეხვედრა გახდა მიზეზი მტკივანი ფეხით აეარა ოთხ კილომეტრიანი აღმართი. ასეთ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ოდესმე მსგავს ბუძგს ავდგები და პირდაპირ სახლში წავიყვან, როცა სახლი ბოლომდე და მართლა ჩემი იქნება. ენდისაც მოუწევს შეგუება. არ შეიძლება იყო ასეთი , როცა ამდენი გემრიელი რამის გაკეთება შეგიძლია. ასეთი ბედნიერებების გააზრებისას ცხოვრება მიყვარდება ნამეტნავად 🙂
მერე ინგლისურის ტესტირებაზე ვიყავი,  დონის განმსაზღვრელზე. გადავწყვიტე სერტიფიკატი ავიღო და ამისთვის ერთ-ერთ სასწავლო ცენტრი ავირჩიე, ხოდა ერთი კინკილა ფურცელი შევავსე, ყველაფერი სწორი გაქვსო და ამიტომ საშუალო დონეზე დაგსვამთო, მეთქი რატომ მაღალზე არა? აქო რთული პროგრამაა და საშუალო ზედგამოჭრილი იქნება შენთვისო. კარგი მეთქი. რატომღაც აზრად არ მომსვლია კითხვა-და რატომ არ არსებობს ტესტი უფრო მაღალი დონის მქონდე სტუდენტებისთვის? ვნახოთ ერთი რა პროგრამა აქვთ ამისთანა.
მერე ფოსტაში ვიყავი, ენდის ჩამოუვიდა ზედა, ზომა შემშლია გამოწერისას და ჩიხუახუას ზომის “ბოქსიორი” მაისურია:) ენდის თათიც რომ არ გაეტევა ისეთი. სახლში მაინც ვცადე მაგრამ რა გინდა რომ ქნა, პატარა აქვს.
ფოსტიდან წავედი ახალ სამსახურში, რომელიც უკვე აღარ მაქვს 🙂 გუშინ ვიყავი გასაუბრებაზე, კერძო ბაღში. მასწავლებლის ვაკანსია იყო, რახან ბაღი უცხოენოვანია ვიფიქრე ინგლისურის მასწავლებელზე ვსინჯავ ბედს მეთქი და მივედი, მოვეწონე დირექტორს და დღეს უკვე მთელ სამუშაო გუნდს გვქონდა შეხვედრა. ერთგვარი ტრენინგი იყო როგორ უნდა მოიქცე ბავშვთან, რომ არ უნდა უყვირო, იყო მეგობრული, არ შეუსრულო ზედმეტი “კაპრიზები”, არ გამოარჩიო არც ერთი მათგანი ერთმანეთისგან, მოკლედ ძალიან ლოგიკური და მარტივი წესები. შემდეგ სამუშაო საათებზე გადავედით და აღმოჩნდა, რომ ჩემი სამუშაო დღე იქნებოდა 10საათიანი ან ცოტა მეტი თუ მშობელი დაააგვიანებდა. არ არსებობს ფიქსირებული ხელფასი, ბაღში აქამდე მუშაობის გამოცდილების არ ქონის გამო ვერ ამიყვანდნენ მასწავლებლის ვაკანსიაზე (მიუხედავად ბავშვებთან ინდივიდუალურად მუშაობის დიდი გამოცდილებისა), ვიქნებოდი ყველაზე პატარა ასაკობრივ კატეგორიაში მთელი დღის მანძილზე 2 წლის ბავშვებთან ბაგაში, ჭამისას, ძილისას, თამაშსას და ასე შემდეგ და ხელფასი? მაქსიმუმ, მაქსუმუმ! 350 ლარი 🙂 დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, და აი შემდეგ თუ ძალიან მოვინდომებ, დიდხანსაც დავრჩები და ყველას დავანახებ რა კარგი აღმზრდელი კიარადა პედაგოგი ვარ, მაშინ გამეზრდება დნდნდნდნდ 450 ლარამდე მეგობრებო! მესმის, ძალიან დაუნახავი უნდა იყო, რომ ვერ დააფასო მსგავსი პირობები, მაგრამ წამოვედი. და როცა ავუხსენი ადმინისტრაციას მიზეზები, ძალიან გაუკვირდათ. თვეში 320 საათი და მაქსიმუმ 350 ლარი.
ვზივარ ახლა ისევ უმუშევარი, მაგრამ მიხარია რომ მსგავს რამეზე არ ვთანხმდები, არ შეიძლება ასე, ადამიანი ერთ ვაკანსიაზე დაიბარო და მეორე შეტენო. არ შეიძლება ადამიანი დილის ცხრის ნახევრიდან, საღამოს შვიდის ნახევრამდე ამუშაო, საკმაოდ სტრესულ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე და ასე ძალიან გენანებოდეს მისთვის ელემენტარულის, მინიმალურის გაცემა. მით უმეტეს როცა არაა საუბარი სახელმწიფო სტრუქტურაზე, იქ მისული მშობლები არც ისე მცირე თანხას იხდიან შვილების კომფორტული გარემოსთვის. საწყენია მაგრამ რას ვიზამთ, წარმატებები ყველას ვინც მსგავს პირობებზე თანხმდება, ხშირად ასარჩევად არც არის საქმე.
კბილი ისევ საშნლად მტკივა.

როცა ამ ბლოგს ვაკეთებდი მეგონა უფრო ხშირად დავწერდი აქ მაინც და “დრეფთებით” არ გადავტენიდი აქაურობას. თუმცა ძნელია წერო რამეზე როცა ძალიან რთულად ალაგებ ემოციებს საკუთარ თავში. მოდის ხოლმე დღეები , როცა გადაებმება ერთმანეთს გაურკვეველი ამბები, ვერაფრით რომ ვერ აკავშირებ რეალობასთან, მსგავსი ისტორიები ერთმანეთს იზიდავენ მაგნიტივით და ცოტა ხანში ხვდები, რომ სუნთქვა აღარ შეგიძლია. სანამ მიხვდები მხნედ გრძნობ თავს, აქებ კიდეც, რა მაგარი ხარ, როგორ გამოძვერი, ნაკაწრების და შრამების გარეშე. და უცებ ბახ! თურმე ვერც ვერაფერი, მაინც მოგხვდა, როცა მშვიდად მიტრიალდი მაშინ. აი ასე ხდება. დაჯექი მერე და ითვალე შიშები.  და მაინც როგორ იცის ხოლმე, ერთს ამოისუნთქავ და მაშინვე მეორე მოდის, და რა აზრი აქვს გეშინოდეს იმის რაც გარდაუვალია. ხო, ასეთი სულელური სენი შემეყარა- სიკვდილის მეშინია. ოღონდ რომ მთხოვო დაკონკრეტება ალბათ ვერც ვერაფერს გეტყვი. არც იმაზე მაქვს წარმოდგენა მერე სად და როგორ ვიქნებით. მაინც მეშინია. გააზრება იმის, რომ თურმე საერთოდ არ არის შორს და აი აქაა, ჩვენს ყოველდღურობაში სამზარეულოშია, საძინებელში, მანქანაში ჩვენთან ერად მგზავრობს, ყოველ დღე ძალიან ახლოსაა.  არამგონია შავი მანტიით და ალესილი ცელით დადიოდეს, შეიძლება ჩვეულებრივი , კარგი ტიპია და უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს. შეიძლება მოდის მეგობრულად ,არც ისე ოფიციალური სამოსით, ერთგვარი “ჰოსტესია” ახალ სამყაროში. ღიმილიც უყვარს და ზოგჯერ ძალიან ძალიან იღლება. თუმცა არასდროს ეცოდება კლიენტი, რადგან ზუსტად იცის იქ მიუჩენს ადგილს სადაც ის ყველაზე კომფორტულად იგრძნობს თავს. იქნებ ამ დროს უბრალოდ შვებულებაში გავდივართ.  და მაინც, გეშინოდეს იმის რაც გარდაუვალია, მართლა ძალიან დიდი სისულელეა.
დღეს მეგობარმა დამირეკა, ძალიან გამიხარდა ხმის გაგება, მონატრებული ვარ ჩვენს ბოდიალებს და ტკბილ დღეებს. ვიცი როგორ ტკივა და უჭირს, ვიცი როგორი, საშინლად , ძლიერია ახლა და მიკვირს როგორ ახერხებს, როგორ მოახერხა და გულწრფელად , სულ მეშინოდა რომ ამხელა ომ გამოვლილი უცებ ყველაზე წყნარ დროს არ დაღლილიყო, არ მოშვებულიყო.
რა უნდა ქნა როცა უძვირფასესი ადამიანი გამწარებული იბრძვის სიცოცხლისთვის და საშნლად უჭირს, როცა იცი ვერაფრით დაუბრუნებ იმ უდიდეს ძალას რაც ბედნიერს ხდიდა. მართლა ასეთი უძლურები ვართ? იქნებ რაღაც ძალიან წვრილმანი, ძალიან მარტივია წამალი. გულწრფელი სიყვარული და თანადგომა.
სულ ვფიქრობდი ბებიაჩემი , რომ ჩამოჯდებოდა და იხსენებდა მეგობრებს , ნათესავებს, ტკბილ დღეებს და ვიცოდი თითქმის არცერთი მათგანი აღარ იყო ცოცხალი. ისტორიები ისეთი ნათელი იყო, ისეთი სავსე და მიკვირდა, როგორც ქარჩხაძესთანაა “იგი”-ში , როგორ რჩება კვალი როცა მიდის ის ვინც მას ტოვებს, როგორ არ ქრება კვალი ადამიანთან ერთად. ბებიაჩემმა 95 წლამდე იცოცხლა, ისეთი იყო კიდევ ძალიან დიდხანს იქნებოდა სიცოცხლის სიყვარულში, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ფეხბურთს უყურებდა ოვაციებით , როგორც ყოველთვის:) ხოდა, ბებოს ისტორიები საოცრად ცოცხალი იყო, ისე ყვებოდა  ხმებს გაიგონებდი და სუნს იგრძნობდი  ათწლეულების წინანდელი ისტორიებიდან. ახლა მე ვზივარ და რამდენიმე კინკილა წლის წინანდელებს ვიხსენებ, მეც ყველა დეტალი მახსოვს ყველა ისტორიის და საერთოდ ვერ ვხვდები, ასეთი ცოცხალი, ასეთი სავსე ამბებიდან როგორ აღარ მყავს გვერდით ის ,იმ დროს ყველაზე ახლო მეგობარი, და როგორ დავრჩი მე. შეიძლება წასაკითხად უაზრობაა, მაგრამ იმაზე დიდი გაურკვევლობა არ არსებობს როცა საერთო გემრიელი ისტორიის გახსენებაზე გინდება მიწერო, გაახსენო, გაუზიარო და უცებ არაა. და  ყოველ ჯერზე-უბრალოდ არ არის. შენ კიდევ გახსოვს ამდენი გახსოვს და არის კი ეს ამბები ნამდვილი? შეიძლება ეწოდოს ისტორიები როცა მისი მოქმედი მთავარი გმირი უბრალოდ შენთან ერთად ვეღარ იხსენებს?!
ალბათ უსამართლობა იქნებოდა ჩვენივე სიმშვიდისთვის იმ ამბების გადამალვა დავიწყოთ, ჩვენც ხომ რეალურად იმისთვის ვართ რამე დავტოვოთ, ბევრი ღიმილის და სიყვარულის, სიკეთის მიზეზი. ამიტომ ძლიერები უნდა ვიყოთ, კბილები მაგრად დავაჭროთ ერთმანეთს და ბევრი გავიხსენოთ, ბევრი გავიცინოთ, ცრემლებიც ვღვაროთ დამსახურებულად -ადამიანებისთვის ვინც იმსახურებდნენ, მერე ყველაზე თბილი მოგონებები ამოვარჩიოთ და როცა ძალიან შეგვცივდება პლედივით შემოვიხვიოთ. აუცილებლად გაგვათბობს.
“როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,. როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო”. უნდა გვახსოვდეს.

ბავშვობაში მე და თათას გვქონდა ასეთი თამაში-“მე არ მეშინია”, სახელიც და წესებიც  ჩემი მოფიქრებული იყო, როგორც სხვა ძალიან ბევრი თამაში. წესები იყო მარტივი, მთავარი მოედანი იყო ჩემი მისაღები ოთახი, დიდი ტახტით, სავარძლებით და პატარა მაგიდით. ჩვენ ფორტი ბოიარდის მსგავსად უნდა გადაგვევლო ყველა დაბრკოლება, ტახტიდან მაგიდამდე, მაგიდიდან სავარძლამდე, მერე იატაკზე დაყრილი ბალიშებისთვის თანმიმდევრულად დაგვებიჯებინა ფეხები და რაც მთავარია თითოეული სვლის წინ ხმამაღლა გვეყვირა -მე არ მეშინია! ვინც რომელიმე ეტაპზე წაბორძიკდებოდა , თავიდან იწყებდა და შემართება არც ერთ წუთით არ გვისუსტდებოდა.
ხოდა ბავშვობიდან ყველაფერი მძაფრად მახსოვს , მაგრამ პეროდულად ისე მახსენდება დეტალები თითქოს აქამდე სადღაც იმალებოდა. და სულ სხვანაირად ვხდავ, იმ ჩვენს წესებს და ენთუზიაზმს. როგორი ძლიერები ვიყავით და როგორ მაგრად ვემზადებოდით იმ გზისთვის რაც გველოდებოდა. ის თამაში დღევანდელი ცხოვრების იმიტირება იყო, გაუაზრებელი. დღეს მე ძალიან ბევრი რამის მეშინია, ასეთი პერიოდი მაქვს. შეიძლება ითქვას ყველაფრის. ერთ დღესაც ჩემს ფერად ცხოვრებაში გაყინული სიკვდილი შემოვიდა და ისეთ სიცივე დატოვა, იმის მერე ფეხები ვერ გავითბე. და იყო პერიოდიც როცა მანტრასავით ვიმეორებდი- რა აზრი აქვს. და არ ვიაზრებდი როგორი დიდი ძალაა სიტყვა, და როგორ იჭრი შენივე ხელით გზას სიმშვიდისკენ როცა დგახარ და მუდმივათ ატრიალებ იმ უარყოფითს რაც უკვე იყო, რამაც გატკინა..ავდექი და სევდა საკვებივით გავიხადე, ყოველ დილას ვილუკმებოდი უიმედობით, სევდით, და ასე დანაყრებული გავდიოდი სახლიდან. არ გაგიკვირდებათ თუ ის დღე , არც შემდეგი და არც იმის შემდეგი წარმატებული არ გამომდგარა. ყველა ერთნაირი იყო, ნაცრისფერი და ცინგლიანი. ცინგლიანი დღეები:))
ხო, გამოთქმები – “არ არსებობს ცისარტყელა წვიმის გარეშე” და “უნდა წაიქცე რომ უფრო მყარად დადგე მიწაზე”, ვერაფერს ახერხებდა. წვიმდა, წვიმდა წვიმდა და ცისარტყელა გამოსვლას რომ დააპირებდა, მე უკვე საბნის ქვეშ ვიმალებოდი, რომ შემდეგ წვიმას დავლოდებოდი. მე წვიმას შევეჩვიე. აღარც გავურბოდი, აღარც ვებრძოდი. უბრალოდ შევეგუე. ასე იყო და ასეც უნდა ყოფილიყო. ხოდა ერთ დღესაც ჩემთან სტუმარი მოვიდა, შემოვიდა ჩემს დალუქულ სახლში, გახედა დარაბებიან ფანჯრებს, მიულაგებელ ოთახებს, ცარიელ მაცივარს და მითხრა- რას აკეთებ?! წარბიც არ შემირხევია, არ მაინტერესებდა. მაშინ ადგა და ძველი ალბომი გადმომილაგა, ძველი დღიურები, ძველი და ძალიან ახლობელი ემოციები. აღარ მახსოვდა ასეთ რამ ჩემში თუ იყო. ახლოს ვერ მივდიოდი, ის ალაგებდა მოგონებებს, მე შორიდან ვუყურებდი და როცა ეს თამაში ახსენა, სადაც 7 წლის მე სავარძლის კიდეზე მუხლებით ვდგავარ და ვყვირივარ “მე არ მეშინია”, რომ შემდეგ საფეხურზე ავხტე,- ვეღარ გავჩერდი, ახლოს მივედი, თავი ლამის სახეზე მივადე და ვთხოვე-კიდევ მაჩვენე. შემდეგი მოგონებაც იქვეა, ჩემი დაწერილი პიესის პრემიერაა, შემდეგ ჩემივე , მწვანე , საკონტროლოების რვეულში დაწერილი ჟურნალია, ყოველ კვირეული, და მთავარი თემა სათაურით “თავი თაგვი”. როგორ უნდა წარმოვიდგინოთ თავი თაგვის ადგილას და არ დავყაროთ საწამლავი, იმიტომ რომ ტკივა და არ იმსახურებს, მარტო იმიტომ რომ თაგვია. მანდაც 7ის ვარ. მერე მოდის ძალიან ტკბილი და ძლიერი ემოციები. და მე უკვე თვალს ვერ ვწყვეტ, ყველა სიცილის ხმა თავიდან მესმის, ყველა ჩახუტება მახსენდება. შეგრძებები ნელ-ნელა ხტებიან ძველ უჯრებში და ვგრძნობ როგორ შემოვიდა მზის პატარა ბურთი . ფანჯრების გამოღება აუცილებელი არ ყოფილა, ახლა ოთახს უკვე მე ვანათებდი, თითქოს ბუხარში ცეხლი აგიზგიზდა. ბედნიერება. სიმშვიდე. სიყვარული.
ვიცი, ეს ის ტკივილია რაც ძალიან ბევრს გვაწუხებს, პეროდულად ყველას გაგვჩენია კითხვა სად ვართ და რა გვინდა აქ. მე არ ვიცოდი სად ვიყავი , მაგრამ ზუსტად ვიცი სად არ მინდა ვიყო. და არეულ ბნელ ოთახში, მარტო ჯდომა არ მინდა. როცა სიკვდილი მოვა, იმასაც ღირსეული დახვედრა უნდა და ჩაკუკული ადამიანი სივდილსაც კი სძაგს. მე ეგრე მგონია.
ამიტომ დავდგები ეხლა ამ დღის კიდეზე, ხელებს მაშინდელივით განზე გავშლი და დავიყვირებ-მე არ მეშინია! მოვიდეს ახალი ეტაპი, გადავხტები და თუ წავბორძიკდი წრეზე თავიდან ავალ, სანამ არ გადავალ , სანამ არ გავიმარჯვებ და ახალი, უფრო რთული ტური არ დაიწყება.